12 მარტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით, ახალი პროექტი შექმნა, რომლის ფარგლებშიც „მშობლის სკივრის“ პორტალზე პირდაპირი ჩართვების სერია დაიწყება.
ონლაინ რეჟიმში საზოგადოებას სასარგებლო რჩევებს სამინისტროს ინკლუზიური განათლების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად, მულტიდისიციპლინური გუნდის წევრებიც გაუზიარებენ და ინკლუზიური განათლების მიმართულებით განხორციელებული და მიმდინარე აქტივობების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას. საუბარი ადაპტირდება ჟესტურ ენაზეც. საჯარო საუბრები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა სკოლებში ინკლუზიური განათლების რეგულაცია, რესურს-ოთახის, რესურს-სკოლებისა და ინტეგრირებული კლასების ფუნქციონირება, ბაღიდან სკოლაში ტრანზიცია, მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება გაკვეთილის დაგეგმვისას და სხვა.
მნიშვნელოვანია, რომ ჩართვების მიმდინარეობისას მაყურებელს ექნება შესაძლებლობა, ღიად დაუსვას კითხვა მოწვეულ სტუმარს და ამომწურავი პასუხი მიიღოს მისთვის საინტერესო საკითხებზე.
პროექტი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზაცია „მაკ ჯორჯიასთან“ პარტნიორობით ხორციელდება.