იმისთვის, რომ სპეციალური მასწავლებელი გამხდარიყო, ნათია წიფურიამ ისწავლა სამაგისტრო პროგრამაზე „სპეციალური განათლება“. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში მან მნიშვნელოვანი თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება შეიძინა. ამ მიმართულებით განათლების მიღებისა და დასახული მიზნის სისრულეში მოყვანის მოტივაციის წყარო საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპული შეხედულებები გახდა, რომელიც დღესაც საჭიროებს მუშაობას ცნობიერების ამაღლების კუთხით და მთელი რიგი საკითხებისადმი დამოკიდებულების გადახედვას.
ნათია წიფურია: „შეუძლებელი არაფერია, როდესაც ადამიანს დასახული აქვს მიზანი. ამიტომ მინდა, ყველა ჩემს მომავალ კოლეგას ვურჩიო: თუ გჯერათ, რომ სკოლაში სპეციალურ მასწავლებლად თქვენი ყოფნა ხელს უწყობს მოსწავლის, მშობლის, მასწავლებლის გაძლიერებას, მაშინ დაეუფლეთ ამ პროფესიას და იქნებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სჭირდებით.“
ნათია წიფურია ქალაქ რუსთავის №25 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ასწავლის. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა და მათი სახელფასო პოლიტიკა, იგი უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს.