საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა. შესაბამისად, 15 მარტიდან ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობაში.
სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ამჯერად ქვემო ქართლს ეწვია და რუსთავისა და მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე მასწავლებლებს Covid-ტესტირება ჩაუტარდათ. ამასთან, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია ჰიგიენური რესურსებისა და დამცავი საშუალებების მარაგით.