საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ონლაინღონისძიება გამართა: საჯარო-კერძო დიალოგი - პროფესიული განათლება მშენებლობაში: თანამშრომლობა და განვითარების პერსპექტივები და მშენებლობაში დასაქმების ონლაინფორუმი.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსმა გიორგი გამყრელიძემ და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა საბახტარიშვილმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს პროფესიული განათლების მნიშვნელობასა და ეკონომიკის განვითარების საკითხებში მის როლზე, ასევე ამ მიმართულებით სამშენებლო ბაზრის მოთხოვნებსა და ადამიანური კაპიტალის პასუხსა და გამოწვევებზე.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციამ ჩატარებული კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომელიც სამშენებლო კომპანიებისა და სამშენებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებებს ასახავს.
სამშენებლო სამუშაოების სეზონის გააქტიურებისა და მშენებლობაში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, დისკუსიის შემდეგ, ონლაინ სივრცე, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს, პროფესიული განათლების მქონე პირებს, პროფესიული პროგრამების მსმენელებსა და სტუდენტებს დაეთმოთ.
აღსანიშნავია, რომ მშენებლობაში კვალიფიციურ მუშახელზე მოთხოვნა მაღალია. ფორუმი ერთმანეთთან დააკავშირებს სამშენებლო კომპანიებსა და პროფესიული სამშენებლო განათლების მქონე პირებს, ამასთან, ხელს შეუწყობს ამ მიმართულების პროგრამების სტუდენტებს საკუთარი პროფესიით დასაქმებაში.