საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი განახლებული სასწავლო პროცესის მიმდინარეობას და პროფესიულ სასწავლებლებში დაცულ სანიტარულ ნორმებს კახეთის რეგიონის პროფესიულ სასწავლებლებში გაეცნო. ამ მიზნით იგი დედოფლისწყაროს, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მდებარე კოლეჯებს ეწვია. მინისტრის მოადგილესთან ერთად სასწავლებლები მოინახულეს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოშვილმა და გუბერნატორის მოადგილემ პლატონ კალმახელიძემ.
კოლეჯ „აისის“ სამივე ლოკაციაზე სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით, სრულფასოვნად 15 მარტიდან განახლდა. თამარ ქიტიაშვილის შეფასებით, სასწავლებლებში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ სტუდენტებმა პროფესიული განათლების მიღება უსაფრთხოდ შეძლონ.
მხარდაჭერაზე ორიენტირებული მონიტორინგის პარალელურად მინისტრის მოადგილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კოლეჯების განვითარების პერსპექტივებსა და პროფესიულ განათლებაში ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობის აუცილებლობაზე, რაც, თამარ ქიტიაშვილის თქმით, აუცილებელი წინაპირობაა რეგიონის საჭიროებებს მორგებული პროფესიების განვითარებისთვის.
კოლეჯი „აისი“, რომლის სასწავლო ინფრასტრუქტურა განთავსებულია გურჯაანში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხსა და ახმეტაში, კახეთის რეგიონში ერთი-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული სასწავლებელია. შეთავაზებული მრავალფეროვანი პროგრამები ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, სასურველ პროფესიას ადგილზე დაეუფლონ, მათ შორის, სატყეო საქმეს, ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებს, იატაკისა და ფილის სამუშაოებს, მეფუტკრეობას, მეთევზეობას, ელექტროობას, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდის პროფესიას, მევენახეობა/მეღვინეობას, თმისა და სილამაზის მომსახურებას, ხილისა და ბოსტნეულის გადამუშავებას, მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთებას, ვეტერინარიას, ხის მხატვრულ და კულინარიულ ხელოვნებას და სხვა.