ნინო დოჯურიშვილი - „როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლება გამოწვევების წინაშე იდგა, საჭირო იყო კვალიფიციური კადრები. გადავწყვიტე, ამ განხრით გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე, გავმხდარიყავი ინკლუზიური განათლების სპეციალისტი და პოზიტიური გავლენა მქონოდა იმ ბავშვების ცხოვრებაზე, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.“
ნინოსთვის სწავლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი სასწავლო რესურსების შექმნაა. იმისათვის, რომ მეცადინეობის პროცესი იყოს საინტერესო, საჭიროა მრავალფეროვანი მასალები, განმავითარებელი სავარჯიშოები, რომლებსაც მასწავლებლები თვითონ იძიებენ ან ქმნიან და ცდილობენ მაქსიმალურად მოარგონ მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებს.
ნინოს აზრით, მისი საქმიანობის მთავარი ღირებულება სოციალური წარმატებაა. გარემოში, სადაც ერთმანეთის უფლებებს აღიარებენ, იზრდებიან თავდაჯერებული, მეგობრული და პასუხისმგებლობის გრძობის მქონე ადამიანები.
ნინო დოჯურიშვილი შვიდი წელია სკოლაში მუშაობს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ასწავლის. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა და მათი სახელფასო პოლიტიკა, იგი უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს.