საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ფარგლებში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და მსოფლიო ბანკისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ეკატერინე დგებუაძემ შეხვედრის მონაწილეებს განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია და ამ მიმართულებით პარტნიორი ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის პირველმა მოადგილემ სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ ძირითადი მიმართულებების შესახებაც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დონორი ორგანიზაციების რესურსების ეფექტიანად გამოყენებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სისტემის საჭიროებების გამოკვეთა, ინფორმაციის დროული გაზიარება და თანამშრომლობის პროცესის კოორდინირებულად წარმართვა.
პროექტი „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვეყანაში ადრეული, ზოგადი და უმაღლესი განათლების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.