საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტური საგანმანათლებლო გამოფენა „აირჩიე საფრანგეთი“ გახსნა, რომელიც საქართველოში ფრანგული უმაღლესი განათლებისა და კვლევის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი სტუდენტებისათვის, მოიძიონ სასტიპენდიო პროგრამები და ტრენინგები როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში – ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში. მინისტრის თქმით, საფრანგეთი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად, სადაც სტუდენტები შეძლებენ ისწავლონ და იცხოვრონ მულტიკულტურულ გარემოში, შეიძინონ ახალი ცოდნა და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები.
„ხარისხიან განათლებაში ჩადებული ინვესტიცია, საუკეთესო ინვესტიციაა. მაღალი ხარისხის განათლების მიღება ცხოვრებაში უდიდესი შესაძლებლობაა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა და აღნიშნა, რომ მსოფლიო პანდემიამ ახალგაზრდებს ხელი შეუშალა, მიეღოთ ხარისხიანი განათლება და კულტურათაშორისი გამოცდილება. ერთობლივი ძალისხმევით კი ეტაპობრივად შესაძლებელი ხდება სასწავლო პროცესის აუდიტორიებში დაბრუნება შესაბამისი პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების მკაცრი დაცვით.
სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობას განათლებისა და მეცნიერების სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რის ნათელ მაგალითს ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმატებული პროექტი წარმოადგენს.
სტუდენტურ საგანმანათლებლო გამოფენაში „აირჩიე საფრანგეთი“ 30-მდე ფრანგულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის ისეთმა პრესტიჟულმა დაწესებულებებმა, როგორებიცაა: Sciences Po, the Ecole Polytechnique, the University Paris-Saclay, ასევე, საინჟინრო სკოლები, კულინარიული სკოლები, ენის ცენტრები და სხვა.