წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში კოლეჯ „ლაკადას“ ტერიტორიაზე დასასრულს უახლოვდება სამი სასწავლო სახელოსნოს მშენებლობა.
უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სახელოსნოებში პროფესიული სტუდენტები იატაკისა და ფილის სამუშაოების, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის, საბათქაშე და სამღებრო სამუშაოების პრაქტიკულ სასწავლო კურსს გაივლიან. პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მისი ღირებულება ხუთასი ათასი ლარია.
მშენებლობასთან დაკავშირებულ პროცესებს და კოლეჯში არსებულ მდგომარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი გაეცნო. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კოლეჯის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე არსებული საჭიროებები და სასწავლებლის განვითარების პერსპექტივები განიხილა.
კოლეჯი „ლაკადა“ წალენჯიხისა და მიმდებარე მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებს სოფლის მეურნეობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, მშენებლობის, ელექტროობის, სამკერვალო წარმოების, კულინარიისა და საფინანსო მომსახურების მიმართულებით ახორციელებს. კოლეჯი მსურველებს ასევე სთავაზობს ინტეგრირებულ პროგრამებს და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებს.