ვაქცინაციის პროცესში მასწავლებლები აქტიურად ჩაერთნენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს 55 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფის მასწავლებელთა ნებაყოფლობითი ვაქცინაცია ჩატარდა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად დაესწრო.
მიხეილ ჩხენკელმა მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა იმ სოციალური პასუხისმგებლობისთვის, რაც მათ გამოიჩინეს და აღნიშნა, რომ თბილისსა და რეგიონებში მასწავლებელთა იმუნიზაცია აქტიურად უნდა გაგრძელდეს, რაც სკოლაში უსაფრთხო გარემოს განაპირობებს.
მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ სასწავლო პროცესის ბუნებრივ გარემოში დაბრუნება მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამას შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ, საზოგადოების მხრიდან კიდევ უფრო მეტად არის საჭირო ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციების დაცვა, რათა მოსწავლეებმა სემესტრის სასკოლო სივრცეში დასრულება შეძლონ.
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი ბავშებისთვის და პედაგოგებისთვის უსაფრთხო იყოს. მინისტრმა 55 წელს ზემოთ მყოფ მასწავლებლებს თხოვნით მიმართა, გააქტიურდნენ და იმუნიზაციის გზით შექმნან უსაფრთხო სასწავლო გარემო.
მიხეილ ჩხენკელმა და ეკატერინე ტიკარაძემ თითოეულ მოქალაქეს კიდევ ერთხელ სთხოვეს, ხელი შეუწყონ ბავშვებს და ზედმიწევნით დაიცვან დაწესებული ნორმები.
მიხეილ ჩხენკელმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების დროს გაწეული ფასდაუდებელი ძალისხმევისათვის.
თავის მხრივ, ამ აქციაში ჩართვით მასწავლებლები საზოგადოებას გააქტიურებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ სწორედ ვაქცინაციაა პანდემიის დაძლევის ერთადერთი გზა.
მასწავლებლები საზოგადოებისთვის ცნობილმა ექიმებმა აცრეს. ისინი მზად არიან, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა იმუნიზაციის პროცესში მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ.
მასწავლებელთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილ ასაკობრივ ჯგუფებზე ვრცელდება.