საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნოდარ სურგულაძემ და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ირაკლი თოდუამ 45-ე საჯარო სკოლაში ახლად გაკეთებული სპორტული დარბაზი დაათვალიერეს.
პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის ”იაკობ გოგებაშვილი-საჯარო სკოლების რეაბილიტაცია” ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 317 სკოლაში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
თბილისში პროექტის ფარგლებში 108 სკოლა გაკეთდება. ამათგან 24 სკოლაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, კეთდება 67 სპორტული დარბაზი, მათგან 5 დასრულებულია.
ერთ-ერთი 45-ე საჯარო სკოლის სპორტული დარბაზია. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი დარბაზი სკოლის 721 მოსწავლეს მოემსახურება.
ახალი სპორტული დარბაზი სპორტის სამი სახეობის - სპორტული ტანვარჯიშის, კალათბურთისა და ფრენბურთის კომპლექსური სწავლების საშუალებას იძლევა.
სპორტული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ძირითადად იმ სკოლებში მიმდინარეობს, სადაც ან საერთოდ არ იყო ანალოგიური გარემო, ან იყო ავარიულ მდგომარეობაში. უახლოეს მომავალში დედაქალაქის ყველა საჯარო სკოლის სპორტული ინფრასტრუქტურა იქნება რეაბილიტირებული.
ნოდარ სურგულაძის განცხადებით, სკოლებში კეთილმოწყობილი დახურული და ღია სპორტული მოედნების და დარბაზების მოწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა იმ სიახლის ფონზე ენიჭება, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდის გაკვეთილების ფიზიკური განათლებისა და სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლებას გულისხმობს.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ახალი პროექტი 2010-2011 სასწავლო წლიდან ეროვნულ სასწავლო გეგმაში შესული ცვლილების საფუძველზე ამოქმედდება. პროექტი, რომელიც ფიზიკური განათლებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების ინტეგრაციაში გამოიხატება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას გულისხმობს, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში განხორციელდება.