როგორც ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად იყოს თავიდან აცილებული.
სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლებში ასევე მკაცრად კონტროლდება მშობელთა და სხვა პირთა სკოლის ტერიტორიაზე მიმოსვლა, ხოლო ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში – სადეზინფექციო სამუშაოების დროული ჩატარება.
გასული კვირის, 17-25 აპრილის, მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა.
მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასი იმყოფება.
გაზრდილია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 123 მასწავლებელი იმყოფება.
ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება.