შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით ონლაინ პოსტერული კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებელი კონკურსის გამარჯვებულებმა მიიღეს და თავიანი სამეცნიერო-კვლევითი მიღწევები წარმოადგინეს.
კონფერენცია ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ გახსნა და კონკურსის მნიშვნელობასა და მიზნებზე, ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისების აუცილებლობაზე ისაუბრა.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდა მეცნიერები: ნიკო კეცხოველის სახელობის სტიპენდიატი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გიორგი ჭკადუა, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სტიპენდიატი საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით ნიკოლოზ ალექსიძე, ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიატი სამედიცინო და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით თამარ ცერცვაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის სტიპენდიატი სოციალური მეცნიერებების მიმართულებით ვლადიმერ გამსახურდია, დავით სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატი აგრარული მეცნიერებების მიმართულებით ირაკლი ჯანაშია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სტიპენდიატი ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით ლუკა ნახუცრიშვილი და ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის სტიპენდიატი ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მეცნიერებების მიმართულებით ბესიკ დუნდუა.
კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდა მკვლევრებმა თავიანთი ცოდნა და გამოცდილება მასწავლებლებსა და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარეს, ჩაატარეს სამეცნიერო-პოპულარული ლექციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, წარმოადგინეს პრეზენტაციები პოსტერულ კონფერენციაზე ბოლოდროინდელი სამეცნიერო მიღწევების შესახებ.