ოზურგეთში ახლად რეაბილიტირებული ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გაიხსნა. 4-წლიანი პაუზის შემდეგ 153-ე სეზონი ნოდარ დუმბაძის მოთხრობებზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერით - „მონატრება - ნუ გააღვიძებ“ გაიხსნა (რეჟისორია ვასილ ჩიგოგიძე). ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ უმნიშვნელოვანესი კულტურული ძეგლის სრული რეაბილიტაციისთვის 20 მლნ ლარზე მეტი გამოყო. სრულად გარემონტდა თეატრის დიდი და მცირე სცენა, სარეპეტიციო ოთახები, გაკეთდა ახალი საგრიმიოროები, რადიო თეატრი, მოეწყო სამუზეუმო სივრცე და სხვა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი თეატრი აღჭურვილია უახლესი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. თეატრი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.