საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ხელშეწყობით, ოზურგეთში რეგიონული საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, სადაც ადგილობრივმა მეწარმეებმა, პოტენციურმა ინვესტორებმა და საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებმა პანდემიის შემდგომ პერიოდში რეგიონული და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაზე იმსჯელეს.
ფორუმზე გურიის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალი და ის პროექტები განიხილეს, რომლებიც გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. მათ შორის, შეფასდა აღნიშნული საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მიერ პროფესიული განათლების განვითარებისთვის გაწეული მხარდაჭერა.
ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდერ კარნერმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.
თამარ ქიტიაშვილმა თავის გამოსვლაში პროფესიულ განათლებაში მიმდინარე რეფორმაზე და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მომზადება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გააქტიურების კუთხით ქმნის. მან ასევე ისაუბრა გურიის რეგიონში კოლეჯ „ჰორიზონტის“ საქმიანობაზე და ხაზი გაუსვა სახელმწიფოსა და დონორების მხრიდან კოლეჯის განვითარებისთვის განხორციელებული ინვესტიციის მნიშვნელობას.