განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებსა და საქართველოს ავეჯის კლასტერის დამფუძნებლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც დღემდე არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
ავეჯის კლასტერი 2017 წელს შეიქმნა და მასში 35 მცირე და საშუალო ზომის კომპანიაა გაერთიანებული. კლასტერის წევრებს შორის არიან როგორც ხის დამამზადებელი და ავეჯის მწარმოებელი, ისე ამ სექტორისთვის სერვისის მიმწოდებელი კომპანიები.
კლასტერის შექმნის მიზანს მისი წევრებისა და მთლიანად ინდუსტრიის განვითარება წარმოადგენს. დაარსების დღიდან ავეჯის კლასტერი აქტიურად თანამშრომლობს პროფესიული განათლების სფეროსთან სამუშაო ძალის მომზადებისა და გადამზადების მიზნით. განვითარების ამ ეტაპზე კლასტერის ამოცანაა „ხელოსანთა ქალაქის“ ტერიტორიაზე სპეციალიზებული სასწავლო ცენტრის შექმნა, რომელიც მხოლოდ ავეჯის წარმოების სექტორს მოემსახურება და ამ მიმართულებით მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს მოამზადებს.
სამუშაო შეხვედრაზე კლასტერის წევრებმა აღნიშნეს, რომ წარმოების გაფართოება და სექტორის განვითარება შეუძლებელია შესაბამისი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების გარეშე. ამისთვის მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს სწავლებისა და ტრენინგების ხარისხი და მათი მასშტაბი. არსებული გამოწვევის საპასუხოდ კი აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორის ერთობლივი ძალისხმევა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა კლასტერის წევრებს დაუდასტურა სამინისტროს მზაობა, მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს და მათ ის ახალი შესაძლებლობები გააცნო, რომელიც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის კიდევ უფრო აქტიური ჩართვისთვის ბოლო პერიოდში შეიქმნა.
სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა და განისაზღვრა სამოქმედო ნაბიჯები, რომელსაც თითოეული მხარე საერთო მიზნის მისაღწევად გადადგამს და რაც ავეჯის წარმოების სექტორში კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას შეუწყობს ხელს.