ნათია შერბაკოვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან 2015 წლიდან მუშაობს, იმ დროიდან, როდესაც ინკლუზიური განათლება დიდი გამოწვევის წინაშე იდგა – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ხარისხიანი განათლებისთვის აუცილებელი იყო არა მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, არამედ მათდამი დამოკიდებულების შეცვლა, მიმღებლობის გაზრდა, სკოლის ადმინისტრაციის, მასწავლებლებისა და მშობლების გაძლიერება.
ნათია შერბაკოვას გამოცდილება მხოლოდ სკოლის პედაგოგობით არ შემოიფარგლება. მან ჯერ კიდევ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნვისას აღმოაჩინა თითოეული მოზარდის განსხვავებული საჭიროება, რომ ყველა მათგანს სათანადო მიდგომა სჭირდება. სწორედ ამ ძიებაში გაეცნო ინკლუზიური განათლების არსს, რამაც მომავალ პროფესიამდე მიიყვანა – არჩევანი სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამაზე გააკეთა. ამ არჩევანის გამოც 2021 წელს უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა და როგორც აკადემიური, ასევე, ფინანსური თვალსაზრისით წარმატებული გახდა. ნათია შერბაკოვა დღეს თბილისის 30-ე საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელია, ამავდროულად, ინკლუზიური განათლების მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერ-კონსულტანტია.
„ვქმნი თითოეული მოსწავლის ინტერესების, სურვილებისა და შესაძლებლობების შესაბამის რესურსებს, კომუნიკაციურ ბარათებს, აკადემიური, კოგნიტური, მოტორული თუ ფუნქციური უნარების განვითარებისათვის საჭირო აქტივობებს, რომლებსაც ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის პროცესში ვიყენებ. ხშირად ვმსჯელობ მასწავლებლებთან, მშობლებთან, ადმინისტრაციის წევრებთან მოსწავლის მიერ მიღწეულ პროგრესზე, რათა თითოეული რგოლის მუშაობა იყოს შეთანხმებული. ეს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს დასახული მიზნების მიღწევას, მეორე მხრივ, ხელს გვიწყობს, მოვამზადოთ მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, განვუვითაროთ მას ცხოვრებისეული უნარები“, – ამბობს პედაგოგი, რომელიც თითოეულ მასწავლებელს სრულ მხარდაჭერას სთავაზობს სასწავლო პროცესის მართვაში, ეხმარება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენასა და განხორციელებაში, აწვდის ინფორმაციას ადაპტაციის სახეებზე, უნივერსალური სასწავლო დიზაინით საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაზე და თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებზე მორგებულ აქტივობებზე.
სირთულეების მიუხედავად, პედაგოგისთვის ონლაინსწავლება საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. ახალმა გარემომ ახალი მიზნების დასახვისა და მათი მოსწავლეებთან ერთად განხორციელების საშუალება მისცა. ამავდროულად, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობის ხარისხი გაზარდა, რადგან სწორედ ისინი ეხმარებოდნენ შვილებს დავალებების შესრულებაში.
ნათია შერბაკოვა მიიჩნევს, რომ პროფესიული წარმატების საიდუმლო მხოლოდ მუდმივ ძიებასა და ცოდნის ყოველდღიურ გაღრმავებაშია:
„ყოველდღიურად ვცდილობ გავიღრმაო ცოდნა საკუთარ პროფესიაში, შევქმნა სხვადასხვა უნარის განმავითარებელი რესურსი. ეს მონდომება ყველა იმ ბავშვისთვის არის მნიშვნელოვანი, ვისთანაც მუშაობა მიწევს. როდესაც ჩემი შექმნილი რესურსით ჩემი მოსწავლეები შედეგს აღწევენ, ვხვდები, ამ შედეგისთვის ღირდა გაწეული შრომა“, – ამბობს სპეციალური პედაგოგი და კოლეგებს ურჩევს, უპირობოდ უყვარდეთ საკუთარი საქმიანობა, მუდმივად იზრუნონ პროფესიულ წინსვლაზე და თითოეულ ბავშვში აღმოაჩინონ განსაკუთრებული და განსხვავებული ნიჭი.