პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და სხვადასხვა პროფესიების შესახებ სკოლის მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით, სკოლებში სახალისო და შემეცნებითი ონლაინ ღონისძიებები გაიმართა.
აქტივობებში ჩართული იყო 40 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 800 მოსწავლე, რომლებიც სხვადასხვა პროფესიების სპეციფიკას, კოლეჯების სასწავლო პროცესსა და კომპანიების მუშაობის პრინციპებს გაეცნენ. ამასთან, მოზარდებს მათთვის საინტერესო პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და აღნიშნული პროფესიით მომუშავე სპეციალისტებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცათ.
ღონისძიებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის თანამშრომლობით გაიმართა. მოსწავლეებისთვის ონლაინ აქტივობების ორგანიზებაში აქტიურად იყვნენ ჩართული კომპანია „გუდვილის“ სასწავლო ცენტრი და კოლეჯები – „იკაროსი“ და „ჰორიზონტი“.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა (GEA) და მისი პარტნიორი გერმანული ორგანიზაციის (BWMV e.V.) ერთობლივი პროექტის – „პროფესიული განათლებისა და პარტნიორობის პროექტი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროექტი გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით 2017 წლიდან ხორციელდება და მის მთავარ მიზანს შრომის ბაზარზე ახალგაზრდების კონკურენტუნარიანობისა და პროფესიული განათლების სისტემაში კერძო სექტორის ჩართულობის ზრდა წარმოადგენს.