„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მთის კურორტების განვითარების სააგენტოსა და სამთო გამყოლთა ასოციაციის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კოლეჯია. კოლეჯის მიმდინარე საქმიანობისა და შემდგომი განვითარების გეგმის განხილვის მიზნით, კოლეჯის დამფუძნებელთა კრება გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო.
შეხვედრა ჭიათურის მუნიციპალიტეტში მდებარე „სვერის სათავგადასავლო ბანაკში“ შედგა, სადაც პროგრამის „სამთო გამყოლი“ სტუდენტები, სასწავლო მოდულის „გამყოლობა რთულ კლდოვან რელიეფზე" ფარგლებში, პრაქტიკას გადიან და ბანაკის ახლომდებარე კლდეებზე უსაფრთხოდ ცოცვის ტექნიკასა და მეთოდიკას ეუფლებიან.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, სამთო ტურიზმი ერთ-ერთი პერსპექტიული დარგია და მას დიდი მხარდაჭერა აქვს როგორც სახელმწიფოს ისე, კერძო სექტორის მხრიდან. სამთო ტურიზმის განვითარების პროცესში ჩართული არიან დარგის საუკეთესო წარმომადგენლები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინისტრის მოადგილის თქმით, გეგმები, რომელიც დამფუძნებლებმა სათავგადასავლო ტურიზმის ხელშესაწყობად დაისახეს, მალე წარმატებით განხორციელდება. უკვე დაწყებულია საცხენოსნო გამყოლობის მიმართულებით ახალი კვალიფიკაციების განვითარება, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში, კოლეჯის ბაზაზე დაინერგება. იგეგმება ასევე კოლეჯის საქმიანობის გააქტიურება გუდაურში, მესტიაში, ბახმაროსა და სხვა მუნიციპალიტეტებში.
„სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა“ 2016 წელს დაარსდა და საჯარო/კერძო პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია. სწორედ ეს თანამშრომლობა განაპირობებს კოლეჯის მიერ დარგის საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამების შეთავაზებას. ახალი სასწავლო წლიდან კოლეჯი გეგმავს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამები შესთავაზოს სათავგადასავლო ტურიზმის სფეროში.