პროფესიულ კოლეჯ „სპექტრში“ საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ბიზნეს სექტორმა, სახელმწიფო ორგანიზაციებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.
ღონისძიების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებისა და პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის იმ პროფესიების შესახებ გაიმართა გამოფენა, რომელთა შესწავლაც კოლეჯშია შესაძლებელი. გამოფენის მონაწილეები ასევე გაეცნენ პარტნიორი ბიზნეს ორგანიზაციების საინფორმაციო სტენდებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, რომლის განცხადებითაც, ბიზნესის ინტერესი და ჩართულობა პროფესიულ განათლებაში მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული. ამის დასტური „სპექტრში“ გამართული ღონისძიებაა, სადაც მსჯელობა წარიმართა კოლეჯის განვითარების პერსპექტივებსა და საინჟინრო/სამშენებლო მიმართულების ახალი ერთობლივი პროექტების წამოწყებასთან დაკავშირებით.
მრავალპროფილიან პროფესიულ სასწავლებელში პროფესიათა უმრავლესობა სამშენებლო მიმართულების კვალიფიკაციების აღორძინებას და სრულყოფას ემსახურება, რაც სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებით ევროპული სტანდარტების შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადებას ითვალისწინებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უცხოელი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით, ბოლო პერიოდში კოლეჯის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რამაც სასწავლებელს საშუალება მისცა ოცდაათზე მეტი ახალი სასწავლო პროგრამა დაენერგა.