გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნება, რომელიც ევროკავშირის აღნიშნული ჩარჩო პროგრამის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, კერძოდ კი, რეგიონის საჭიროებებს მოემსახურება. აღსანიშნავია, რომ ეს იქნება რიგით მეცხრე საგრანტო ოფისი საქართველოს მასშტაბით.
პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი გორის უნივერსიტეტს ეწვია, სადაც საგრანტო ოფისის გასახსნელად მზადება მიმდინარეობს. თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი ხვიჩა წენგუაშვილი მეცნიერების თემატიკაზე მის მიერვე შექმნილი ესკიზის მიხედვით ევროპულ სივრცეს ხატავს.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტმა გორის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებსაც უმასპინძლა და მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, მათ ხატვის მიმართულებით მასტერკლასი შესთავაზა. ხვიჩა წენგუაშვილმა მოსწავლეებს ესკიზის მომზადების ტექნიკა და კედლის მოხატვის სპეციფიკა გააცნო და საკუთარი ნააზრევის ნახატში გადმოცემის შესაძლებლობებზე ესაუბრა.
ნუნუ მიცკევიჩმა ახალგაზრდებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებაში მეცნიერების პოპულარიზაციის აუცილებლობასა და მისი განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მინისტრის მოადგილემ გორის უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი სოსიაშვილთან ერთად ნახატების კონკურსი დააანონსა, რომელიც პროექტის „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ფარგლებში ჩატარდება და IX-XII კლასის მოსწავლეებს მეცნიერების თემატიკაზე ნამუშევრების შექმნის შესაძლებლობას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროექტს „მეცნიერების კალენდარი – 2021“ ახორციელებს, რომლის სლოგანია Undique scientia est (მეცნიერება ყველგან არის). პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით არაერთი შემეცნებითი და გასართობი აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებების ციკლი წლის ბოლომდე გასტანს.