უსაფრთხოების სფეროში კვლევისა და სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ცენტრის უფროსმა გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს.
მემორანდუმი ითვალისწინებს როგორც უსაფრთხოების სფეროში ცენტრსა და სამინისტროს შორის თანამშრომლობას კვლევისა და სწავლების გაძლიერების მიმართულებით, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ცენტრს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას.
„მემორანდუმის ფარგლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საშუალება მიეცემათ, უფრო ფართოდ მიიღონ მონაწილეობა სასწავლო ცენტრთან ერთად განხორციელებულ კვლევასა და სასწავლო პროცესში. ასევე, დაიგეგმება ერთიანი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე უსაფრთხოების საკითხების უფრო ღრმად შესწავლას“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.
მემორანდუმის ფარგლებში, ცენტრი აქტიურად ითანამშრომლებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, ფორუმებსა და სხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო ღონისძიებებში. გარდა ამისა, განახორციელებს ერთობლივ საგანმანათლებლო და შემეცნებით ღონისძიებებს, რომლებიც მიმართული იქნება ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე კვლევების, სწავლების ხელშეწყობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ. ამასთან, მიაწვდის რეკომენდაციებს უსაფრთხოების სფეროში სწავლების გაძლიერებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით.
თავის მხრივ, მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო ხელს შეუწყობს ცენტრსა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას და უსაფრთხოების თემებზე სამინისტროს მხრიდან დაგეგმილ კონფერენციებში, სემინარებსა და ფორუმებში ცენტრის ჩართულობას.