ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწვრთნელი აუზი გაიხსნა, რომელიც აკადემიის სტუდენტებსა და მოქმედ მეზღვაურებს საშუალებას მისცემს, სავალდებულო პრაქტიკული წვრთნები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ შემუშავებული სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.
თანამედროვე და მრავალფუნქციური აუზი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით აშენდა.
საწვრთნელი აუზი, სხვა ფუნქციებთან ერთად, აღჭურვილია ამინდის მოდელირების შესაძლებლობით და კურსანტები წვრთნებს რეალურთან მიახლოებულ პირობებში გაივლიან.
ოფიციალურ ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები ესწრებოდნენ.