პროექტის „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ქედისა და ახმეტის სკოლის მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. დახურვის საზეიმო ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა 10-თვიანი პროგრამა შეაჯამეს და შეხვედრის მონაწილეებს მიღწეული შედეგები და საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარეს.
პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აშშ-ის საელჩოს პარტნიორობით განხორციელდა. დახურვის ღონისძიებას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, საქართველოში საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოს დირექტორი ტიმოთი ბლაუველტი მონაწილეობდნენ.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ მიიღო მონაწილეობა, მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს პანდემიის პირობებში თავდაუზოგავი შრომისთვის და აშშ-ის საელჩოს მიერ ზოგადი განათლების განვითარების ხელშეწყობაზე გაამახვილა ყურადღება.
მნიშვნელოვანია, რომ პროგრამის ფარგლებში შერჩეულმა ოცდაათმა მასწავლებელმა 8 სასწავლო მოდულის ფარგლებში ელექტრონული უნარები გაიუმჯობესა და გაიღრმავა ცოდნა, როგორც მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის, ასევე, თანამედროვე სწავლებისა და ელექტრონული რესურსების შექმნის შესახებ. სასწავლო პროგრამა შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისგან, რაც შესაძლებლობას აძლევდა მონაწილე მასწავლებლებს მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინა. პროგრამის შედეგად მასწავლებლებმა არსებული საგაკვეთილო გეგმები განაახლეს და სასწავლო პროცესში ელექტრონული მეთოდებისა და რესურსების ინტეგრირებაც მოახდინეს.
ღონისძიებას სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და პროგრამის მონაწილე მასწავლებლები ესწრებოდნენ.
პროექტი „მასწავლებლების ელექტრონული უნარების განვითარების ინიციატივა“, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის დაფინანსებით, ქედისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში 2020 წლის სექტემბრიდან ხორციელდებოდა. პროექტის მიზანს საკლასო გარემოს მოდერნიზება, მოსწავლის საჭიროებებზე მორგება და სკოლის მასწავლებლების, ელექტრონული უნარების განვითარება და დისტანციური სწავლების ხელშეწყობა წარმოადგენდა.