ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა. პირველ გამოცდას დღეს აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
მიხეილ ჩხენკელი: „დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ ადამიანის ჯანმრთელობა. შესაბამისად, გამოცდებზე ზედმიწევნით არის დაცული ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და სამედიცინო პროტოკოლი. ასევე, მინდა აღვნიშნო, იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს კოვიდი დაუდასტურდება, ის გამოცდებს არ გამოეთიშება. ასეთი აბიტურიენტებისთვის სპეციალურად ცალკე საგამოცდო სესია ჩატარდება. მინდა, ყველა აბიტურიენტს მთელი გულით ვუსურვო გამოცდების წარმატებით ჩაბარება“.
2021 წლის საგამოცდო პროცესი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. საქართველოს მასშტაბით გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი. მათ შორის, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.
საგამოცდო ცენტრები კონდიცირების სისტემით სრულად არის აღჭურვილი და წელსაც უზრუნველყოფილია სპეციალური სივრცეები იმ გამოსაცდელებისათვის, რომელთაც ადგილზე აღენიშნებათ ტემპერატურა.
2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებით შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ ერთი სესია, გამოცდის თარიღიდან არაუგვიანეს 14 დღისა.
14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.