პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე პროცესების ადგილზე გაცნობის მიზნით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან ერთად, კოლეჯ „მერმისს“ ეწვია, სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სხვადასხვა პროფესიული კოლეჯის წარმომადგენლებთან და მასწავლებლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ელჩის ინიციატივით, შეხვედრა პროფესიულ სტუდენტებთანაც გაიმართა.
ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, კოლეჯში სტუმრობისა და გამართული ღია დიალოგის მიზანი იყო უშუალოდ პროფესიული განათლების პროცესში ჩართული პირებისაგან მოესმინა სისტემაში არსებული მდგომარეობის, მიღწევების, გამოწვევებისა და საჭიროებების თაობაზე. მისივე თქმით, მიღებული ინფორმაცია დაეხმარება გერმანიის მხარეს, განსაზღვროს, რაზე გააკეთოს მომავალში აქცენტები და რა მიმართულებით წარმართოს საქართველოს მხარდაჭერა.
„მერმისში“ გერმანიის ელჩს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, კოლეჯის დირექტორ ნონა ღუდუშაურთან ერთად, უმასპინძლა. მან მადლობა გადაუხადა ჰუბერტ ქნირშს და აღნიშნა, რომ სწორედ გერმანიაა ერთ-ერთი პირველი პარტნიორი ქვეყანა, რომელმაც ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა და დღესაც შეაქვს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარების მიმართულებით.
ჰუბერტ ქნირშმა, თავის მხრივ, პოზიტიურად შეაფასა საქართველოსთან თანამშრომლობა, ნაყოფიერი უწოდა კოლეჯში გამართულ შეხვედრებს და კვლავ დაადასტურა ჩვენი ქვეყნის პროფესიული განათლების მხარდაჭერის მზაობა.