საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განათლების სისტემის სოციალურ მუშაკებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა სკოლებში სოციალური მუშაკების ორთვიანი საქმიანობის შედეგები შეაჯამეს და სამუშაო პროცესში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე იმსჯელეს. შეხვედრაში მონაწილეობა საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის მოადგილე ნინო შატბერაშვილმა მიიღო.
ეკატერინე დგებუაძემ სკოლებში სოციალური მუშაკებისთვის ხელსაყრელი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით სტუმრებს სამინისტროს სამომავლო გეგმები და გასატარებელი ღონისძიებები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებმა კი, თავის მხრივ, ერთმანეთს მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, მოსწავლეების მხარდაჭერა და მათთვის ჯანსაღი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტია და სწორედ ამ მიმართულებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლებში სოციალური კომპონენტის გაძლიერება.
აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემაში სოციალური მუშაკების გაჩენა ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვების ჩართულობისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრას. ამის დასტურია ისიც, რომ უახლესი მონაცემების თანახმად, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა, რაშიც ბენეფიციარებთან სოციალური მუშაკების ინტენსიური მუშაობის დიდი წილია.
შეგახსენებთ, რომ მოსწავლეებისა და მათი ოჯახების ფსიქო-ემოციური და სოციალური მხარდაჭერის, ასევე, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში დაბრუნების მიზნით, განათლების სისტემაში სოციალური მუშაკები 2021 წლის აპრილიდან გაჩნდნენ. ამჟამად მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრებში, კერძოდ, თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარა-გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ოფისებში, დასაქმებულია 50-მდე სოციალური მუშაკი და მომავალი წლიდან მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. საბოლოოდ, საქართველოს ყველა რეგიონის ცენტრს ეყოლება სოციალური მუშაკი, რომელიც მოზარდებსა და მათ მშობლებს შესაბამის სოციალურ მომსახურებას გაუწევს.