საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის, საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა.
პროექტის პირველი ეტაპის დახურვის ცერემონიაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ დისტანციურად მიიღეს მონაწილეობა და პროექტში ჩართული დირექტორები და მასწავლებლები მადლობის სიგელებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.
ეკატერინე დგებუაძემ მადლობა გადაუხადა პროექტის მონაწილეებს თავდაუზოგავი შრომისთვის და სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების კუთხით ერთობლივი პროექტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საგნის სწავლების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და მომავალი წლიდან, პროექტის გაფართოების მიზნით, პროგრამაში კიდევ უფრო მეტი სკოლის ჩართვა იგეგმება.
საწყის ეტაპზე, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საქართველოს სხვადასხვა სკოლის მე-10 კლასის 500-მდე მოსწავლემ გაიარა. საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში ცოდნის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.
შეგახსენებთ, რომ საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე რეჟიმში შერჩეულ სკოლებში სამხედრო გამოცდილების მქონე პირები ასწავლიან, რომელთაც, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული მასწავლებელთა მომზადების სპეციალური კურსი აქვთ გავლილი.