გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC), მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, რამდენიმე წელია წარმატებით ახორციელებს „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზების პროექტს“ და ამით ხელს უწყობს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას.
პროექტის ფარგლებში, 31 საჯარო და კერძო კოლეჯზე გაიცა გრანტი, რამაც ხელი შეუწყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების პოპულარიზაციას, მათ ინსტიტუციურ გაძლიერებას, ახალი სასწავლო პროგრამებისა და სამართლებრივი აქტების შემუშავებას, პროფესიული სტუდენტების საერთაშორისო გაცვლას, ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვის პროცესს და სხვა.
ექვსი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლებიც პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის თანამედროვე დანადგარებით აღიჭურვა, 2021 წლის შემოდგომაზე პირველად მიიღებს პროფესიულ სტუდენტებს სოფლის მეურნეობისა და სატყეო პროგრამებზე. საგრანტო პროგრამით ასევე გათვალისწინებული იყო პროფესიული კოლეჯების საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ციფრული სწავლების პრაქტიკის განვითარება.
პროექტის ფარგლებში ონლაინ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც პროცესში ჩართულმა მხარეებმა, სფეროს ექსპერტებმა, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საქმიანობის შედეგები შეაჯამეს. შეხვედრაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მისი შეფასებით, განუზომელია ის მხარდაჭერა და შედეგები, რაც პროექტის ფარგლებში საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებისთვის კეთდება, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით, რისთვისაც მინისტრის მოადგილემ უდიდესი პატივისცემა და მადლიერება კიდევ ერთხელ დაადასტურა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიმართ და აღნიშნა, რომ ეს ერთობლივი ძალისხმევა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება.