პროფესიულ განათლებაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან თანამშრომლობით, აგრძელებს საინფორმაციო კამპანიას „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“.
კამპანიის ფარგლებში, მომავალი პროფესიული სტუდენტებისთვის მორიგი ღია კარის დღე კოლეჯში „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ გაიმართა. ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე სწავლის მსურველებმა მიმდინარე პროგრამებზე სრული ინფორმაცია მიიღეს, ასევე მოისმინეს კოლეჯის პარტნიორი კომპანიების წარმომადგენელთა, როგორც მომავალ დამსაქმებელთა შეფასებები და მათი გეგმები კოლეჯთან თანამშრომლობის კუთხით.
ღია კარის დღის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა. მან ასევე მადლობა გადაუხადა კამპანიის ორგანიზატორებსა და კოლეჯის წარმომადგენლებს იმ ძალისხმევისთვის, რასაც ისინი პროფესიული განათლების განვითარებისა და პოპულარიზაციისათვის იჩენენ.
„ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი 100%-ია, ვინაიდან პროგრამები, რომელსაც კოლეჯი ახორციელებს ყველაზე მოთხოვნადია საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით. 2019 წელს სასწავლებელი წლის საუკეთესო კოლეჯის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა, მის ბაზაზე ფუნქციონირებს საერთაშორისო “CISCO” აკადემია.
2021 წელს კოლეჯში რეგისტრაცია გამოცხადებულია სფეროს ყველაზე მოთხოვნად პროგრამებზე: ვებტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერა, კომპიუტერული ქსელი და სისტემები და კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირება.
აპლიკანტებს საშუალება აქვთ ასევე აირჩიონ ვებტექნოლოგიების ინტეგრირებული პროგრამა, პროფესიის დაუფლების პარალელურად მიიღონ სრული ზოგადი განათლება და შედეგად, სკოლის ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
ამასთან, კოლეჯი აცხადებს მიღებას ინფორმაციული ტექნოლოგიისა და კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების დუალურ პროგრამაზე, სადაც სასწავლო პროცესი წარიმართება როგორც კოლეჯში, ასევე პარტნიორ ორგანიზაციებში. დუალური პროგრამის საშუალებით კურსდამთავრებული შეძლებს როგორც პროფესიის დაუფლებას, ასევე პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღებას.
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 12 ივლისიდან მიმდინარეობს და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. საქართველოს ყველა რეგიონში მოქმედი 70-ზე მეტი კერძო და საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება 120-ზე მეტი დასახელების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას სთავაზობს მსურველებს. რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: vet.emis.ge.