20.01.2010
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების სისტემის რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში, სკოლებში სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების ახალ სასწავლო კურსს შეიმუშავებს. კურსი გაითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და ქართული არმიის შეიარაღების მიმოხილვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სპეციალისტებთან ერთად სამუშაო პროცესში ჩაერთვებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები.
ექსპერტებისგან შემდგარი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სასწავლო კურსის კონცეფციაზე მუშაობას აპრილის თვეში დაასრულებს. სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე შეირჩევა საპილოტე სკოლები, რომლებშიც სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლება განხორციელდება. მიღებული პილოტირების შედეგების ანალიზის შედეგად, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი საბოლოო სახით ჩამოყალიბდება და სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.
სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების სწავლება სკოლებში 2010 წლის სექტემბრიდან დაიწყება.