საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდთან ერთად, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობისთვის საინფორმაციო კამპანიას – „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“ – ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში ღია კარის დღე ამჯერად კოლეჯ „ფაზისში“ ონლაინ ფორმატში გაიმართა, სადაც შეხვედრის მონაწილეები საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურსდამთავრებულთა შემდგომი დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით კოლეჯის სამომავლო გეგმებს გაეცნენ. ღია კარის ღონისძიებაში მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, კოლეჯ „ფაზისის“ წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა დისტანციურად მიიღეს.
თამარ ქიტიაშვილმა შეხვედრაში მონაწილე სტუდენტებს მიმართა, მადლობა გადაუხადა მათ პროფესიული განათლებით დაინტერესებისთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კოლეჯში ყველა საჭირო პირობაა შექმნილი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მოსამზადებლად. მისი თქმით, სასწავლებელი პროფესიული განათლების მიღების მსურველებს პროგრამების მრავალფეროვან არჩევანსა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, სტუდენტებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ კოლეჯი „ფაზისი“ პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობას ორ ლოკაციაზე - ფოთსა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში – ახორციელებს. საგანმანათლებლო დაწესებულება სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს, როგორც ბიზნესის, ადმინისტრირების, სამართლისა და ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, ასევე, ინჟინერიის, წარმოების, მშენებლობის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, განათლების, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, მეთევზეობისა და ვეტერინარიის მიმართულებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, კოლეჯის ორივე შენობა სრულად რეაბილიტირებულია და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. ამასთან, ადგილზე უზრუნველყოფილია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი, მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა სასწავლო აუდიტორიებით, სახელოსნოებითა და ლაბორატორიებით.
„ფაზისი“ რეგიონის მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავეა მეთევზეობის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების კუთხით. კერძოდ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით, კოლეჯმა შეიმუშავა თანამედროვე სტანდარტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები და სასწავლო რესურსები: სახელმძღვანელოები, გარემოს დაცვის, გენდერული პოლიტიკის დოკუმენტები. ასევე, კოლეჯში მოეწყო თევზის გადამუშავების სასწავლო სახელოსნო და ქიმიურ ბაქტერიოლოგიური და ბიოქიმიური ლაბორატორია თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობით.
კოლეჯი პროფესიული განათლების მიღების მსურველებს მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროგრამებსაც სთავაზობს. ამასთან, სწავლება მიმდინარეობს როგორც მოდულური, ასევე, დუალური მიდგომით, რაც სამუშაოზე დაფუძნებული და ინტეგრირებული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასაც გულისხმობს.
2021 წელს კოლეჯ „ფაზისში“ გამოცხადებულია მიღება 25 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე. მათ შორის, 5 ინტეგრირებულ და 1 დუალურ პროგრამაზე:
ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი
ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
მომსახურებები
ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები
განათლება
სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია