საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორთან ჯაბა სამუშიასთან და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტთან ერთად „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანების“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და მოწვეულ სტუმრებს სტუდენტების მხარდამჭერი პროგრამები და საზღვარგარეთ განათლების მიღების შესაძლებლობის გაუმჯობესების კუთხით სამომავლო გეგმები გააცნო.
ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნივერსიტეტებში სტუდენტთა ინტერესებზე მორგებული გარემოს მხარდაჭერა წარმოადგენს. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტრო ღიაა ამ პროცესში ყველა დაინტერესებული მხარის ჩასართველად. ამ მიზნით სტუდენტებთან შეხვედრები რეგულარულად იმართება და უმაღლესი განათლების მიმართულებით მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა სწორედ მათი ჩართულობით ხდება.
შეხვედრაზე ნუნუ მიცკევიჩმა სტუდენტური ორგანიზაციის წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ცენტრმა არაერთ ქართველ სტუდენტს მისცა საზღვარგარეთ სხვადასხვა უნივერსიტეტში განათლების მიღების შესაძლებლობა და მომავალში მათ კიდევ უფრო მრავალფეროვან სასტიპენდიო პროგრამებს შესთავაზებს.
მინისტრის მოადგილემ უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების მობილობის ხელშეწყობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ სამინისტრო საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გასაგრძელებლად ჩარიცხვის გარკვეულ პროცედურებს სთავაზობს. ამასთან, პანდემიის პირობებში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის შემუშავდა ქვეყანაში მათი უსაფრთხო დაბრუნების მექანიზმები.
თავის, მხრივ სტუდენტებმა მინისტრის მოადგილეს საზღვარგარეთ მცხოვრებ სტუდენტთა ხელშეწყობის კუთხით საკუთარი ხედვები და ინიციატივები გაუზიარეს.
ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს გააცნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო საგრანტო კონკურსებში სამეცნიერო დიასპორის მონაწილეობის შესაძლებლობები.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერაზე და ამ მიმართულებით შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ შეთავაზებული პროგრამები და ევროკავშირის ჩარჩო პროგრამა „Horizon Europe“-ის ფარგლებში საერთაშორისო საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობები განიხილეს.
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია – „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ (WUGS) 2013 წელს დაარსდა და მის მთავარ მიზანს უცხოეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისა და სტუდენტური ორგანიზაციების გაერთიანება და მათი ხელშეწყობა წარმოადგენს. ამასთან, ორგანიზაცია ქართველ სტუდენტებს ეხმარება, როგორც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობების მოძიებაში, ასევე, უცხოეთში ჩასვლის შემდეგ ადაპტაციის პროცესში.