საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა მუსიკალური თერაპიის ცენტრ „ბეკარის" თანადამფუძნებელთან მარინა რაიდტ-ალთუნაშვილთან.
შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებში მუსიკალური თერაპიის მეთოდი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ინოვაციურია.
აღნიშნული მიდგომა, განათლების სხვადასხვა საფეხურზე დანერგილია და ფართოდ გამოიყენება ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიასა და ინგლისში. ეს აპრობირებული და უნიკალური მეთოდია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სხვადასხვა უნარების განვითარებისათვის. მიდგომა ითვალისწინებს, მუსიკალური თერაპიის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, კონკრეტული ბავშვის საჭიროებებზე მორგებულ ჯგუფურ და ინდივიდუალურ მეცადინეობებს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა აღნიშნა, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლებაზე ზრუნვა და მათი ინტეგრირება საზოგადოებაში, სამინისტროს სტრატეგიული პრიორიტეტია.
შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე და ცენტრ „ბეკარის" მენეჯერი მარიამ კაციტაძე ესწრებოდნენ.