საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) პირველკურსელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, ნაყოფიერი სტუდენტობა, წარმატება და პროფესიული განვითარება უსურვა.
„გულითადად გილოცავთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტობას და ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელი დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარია – თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი, საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპი იწყება.
მნიშვნელოვანი გამოწვევა უკვე დაძლიეთ და თქვენს მიზანს მიაღწიეთ. მიუხედავად პანდემიისა, შრომისმოყვარეობითა და მონდომებით შეძელით გამოცდებისათვის სათანადოდ მომზადება და ერთ-ერთ კონკურენტულ პროგრამაზე – ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარება.
როგორც მოგეხსენებათ, წელს სასწავლო წელი დისტანციურ ფორმატში დავიწყეთ, მაგრამ ეს დროებითია. იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასწრებულ ფორმატზე გადასვლისა და თქვენი პირისპირ ხილვის შესაძლებლობას მოგვცემს. როგორც უკვე იცით, გვექნება დიფერენცირებული მიდგომა, კერძოდ, 4 ოქტომბერს, იმ ქალაქებში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები დასწრებულ ფორმატზე გადასვლას შეძლებენ.
თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის და, ზოგადად, მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთ ძალიან სასარგებლო პროფესიას ეუფლებით. ყველას სჭირდება მაღალკვალიფიციური კადრი, სიღრმისეული ეკონომიკური ანალიზი და კვლევა. თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა, გახდეთ კონკურენტუნარიანი ეკონომისტები გლობალური მასშტაბით და დაეუფლოთ ცოდნას ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში, რომელიც ცნობილია მსოფლიო დონის ეკონომიკური პროგრამებით. ISET-ის ეკონომიკის პროგრამა ძალიან წარმატებული საბაკალავრო პროგრამაა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის, ბიზნესისა და ფინანსების სფეროში. სკოლას ჰყავს არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული, რომლებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სტრუქტურების ეკონომიკურ განვითარებაში.
კიდევ ერთხელ გილოცავთ სწავლის დაწყებას! გისურვებთ ნაყოფიერ სტუდენტობას, პროფესიულ განვითარებასა და წარმატებას მომავალ კარიერულ საქმიანობაში!“