ლანა მთიბელაშვილს ყოველთვის აინტერესებდა ის პროფესიები, რომლებიც ბავშვებთან არის დაკავშირებული, ამიტომაც სწორედ მათი სიყვარული აღმოჩნდა გადამწყვეტი პროფესიის არჩევისას.
„2014 წელს, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე, დავიწყე მუშაობა სპეციალურ მასწავლებლად. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა სტერეოტიპული დამოკიდებულება ინკლუზიური განათლებისა და სპეციალური მასწავლებლის როლის მიმართ. ეს იყო გამოწვევა და, ამავდროულად, მოტივაცია, მეზრუნა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით კი სკოლის გუნდთან ერთად გამეტარებინა ინკლუზიური განათლების სწორი პოლიტიკა,“ – აცხადებს პედაგოგი.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას ლანამ ნათლად გააცნობიერა, რა ძალა და მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის რწმენასა და სწორ მოლოდინებს მოსწავლეების მიმართ:
„მთავარია, მოვუსმინოთ, დავაკვირდეთ, გვჯეროდეს ჩვენი მოსწავლეების და თანამშრომლობა, ურთიერთობა, სწავლა-სწავლების პროცესი აუცილებლად შედგება“, – აცხადებს ლანა მთიბელაშვილი.
ლანა მთიბელაშვილი ფიქრობს, რომ მისი მთავარი მიღწევა მოსწავლეებთან ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია. „ჩვენი თანამშრომლობა ნდობაზე, პატივისცემასა და გულწრფელობაზეა დამყარებული. ყოველთვის ვცდილობ, მათ მხარდაჭერა გავუწიო და ვიყო მათი გულშემატკივარი. ბედნიერებაა, როცა ხედავ, შენი მოსწავლეები როგორ ახდენენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, როგორ ერთვებიან საგანმანათლებლო აქტივობებში და მეგობრებთან ერთად მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სასკოლო ღონისძიებებში. შედეგად კი დამოუკიდებელ პიროვნებებად ყალიბდებიან“, – აცხადებს სპეციალური მასწავლებელი.
ახალგაზრდა პედაგოგისთვის, ისევე როგორც მისი კოლეგებისთვის, ონლაინ სწავლება დიდი გამოწვევა აღმოჩნდა: „რა თქმა უნდა, იყო ბევრი სირთულე, თუმცა ბევრი დადებითიც. დისტანციურმა სწავლებამ ცხადყო მშობლის ჩართულობის მნიშვნელობა ამ პროცესში. ვფიქრობ, მათ სწორად შეაფასეს თანამშრომლობითი ურთიერთობების დადებითი გავლენა სწავლა-სწავლების პროცესზე.“
ლანა მთიბელაშვილისთვის პედაგოგობა ნიშნავს მოსწავლის უნიკალური შესაძლებლობების აღმოჩენასა და აღიარებას, მათი ინტერესების გაღვივებას და მუდმივ პროფესიულ ზრდას.
„კოლეგებს ვურჩევ, სირთულეების მიუხედავად, არასდროს დაკარგონ ის ენთუზიაზმი, რომლითაც მასწავლებლობის პირველი ნაბიჯები გადადგეს“, – აცხადებს ახალგაზრდა პედაგოგი.