„საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიის“ კურსდამთავრებულებს პროფესიული პროგრამის, „სასტუმროს ოთახების მართვა“, წარმატებით დასრულებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის პირობებში „საირმის ტურიზმისა და გასტრონომიის აკადემიამ“ წარმატებით შეძლო პროფესიული გადამზადების პროგრამის „სასტუმროს ოთახების მართვა“ განხორციელება და დასრულება.
პროგრამა შემუშავებულია შვეიცარიული მასპინძლობის სკოლის (SHL) გამოცდილების გათვალისწინებით და განხორციელდა ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების, სფეროს წამყვანი კომპანიების, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის, საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
კურსდამთავრებულთა საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცა და შვეიცარიის საელჩოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პროფესიული განათლების მხარდაჭერისთვის.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა. მან ყურადღება გაამახვილა პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ 2022 წელს, პროფესიული უნარების სააგენტოს კოორდინაციით, გაგრძელდება ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების პროცესი, რაც გულისხმობს მრავალფეროვანი პროგრამების დანერგვას, დაფინანსების უზრუნველყოფას, სერვისების პოპულარიზაციასა და ახალი მოქნილი პროცედურების შექმნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პროფესიული უნარების სააგენტოსა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები, შვეიცარიის საელჩოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.