საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, თბილისის 72-ე საჯარო სკოლას ეწვია და უკრაინელი მოსწავლეები მოინახულა, რომლებიც სკოლაში გამარტივებული წესით ჩაირიცხნენ და სწავლას საქართველოში აგრძელებენ.
მიხეილ ჩხენკელი და გიორგი ტყემალაძე სკოლის დირექტორთან ერთად მოსწავლეების მშობლებსაც შეხვდნენ, ბავშვების საჭიროებები პირადად მოისმინეს და სკოლის ადმინისტრაციასთან მათთვის შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის დეტალები განიხილეს. შეხვედრაზე მინისტრმა უკრაინელი მოსწავლეების მშობლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება.
თავის მხრივ, მშობლებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს უკრაინელი ხალხისა და მოსწავლეების უდიდესი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
შეხვედრისას მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისა და სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში უკრაინელი მოსწავლეების გამარტივებული წესით ჩარიცხვა აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 215 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.
აღსანიშნავია, რომ უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს ფსიქოსოციალურ საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური. აღნიშნული სერვისი მოსწავლეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი. ამასთან, ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზიც. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა.