„მინდა, შემეძლოს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო“, – ასეთი ოცნება აქვს 19 წლის ნიკოლოზ ცქიტიშვილს, რომელმაც ვლადიმერ კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და საკუთარი შეუპოვრობის წყალობით ნიუ-იორკის უნივერსიტეტის აბუ დაბის ფილიალში მოხვდა ასტროფიზიკის ფაკულტეტზე. მომავალი წლიდან უკვე გაცვლითი პროგრამებისთვის ემზადება, ერთი – ნიუ-იორკში, მეორე კი დიდ ჩამონათვალში ჯერ არ აურჩევია.
ნიკა კომაროვში შემთხვევით მოხვდა, თუმცა დღეს ამას ერთ-ერთ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
„ბავშვობაში ვერც წარმოვიდგენდი, რომ გადავიდოდი არა თუ სხვა სკოლაში, არამედ სხვა კლასშიც კი, მაგრამ ძალიან გამიმართლა. ჯერ ჩემი უახლოესი მეგობარი გადავიდა კომაროვში, მერე მეც გადავყევი. თუმცა მანამდეც ძალიან მიყვარდა ეს ადგილი. დავდიოდი შაბათის სკოლაში, მაგრამ გადასვლაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია. დღეს კი ბედნიერი ვარ, რომ მაშინ ეს გადაწყვეტილება მივიღე.“
როცა ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ფიქრობს, ნიკოლოზ ცქიტიშვილს პირველი ასტრონომიისა და ასტროფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობა ახსენდება. მაშინ მეათე კლასში იყო, დღეს კი დარწმუნებულია, რომ მისი წარმატებების გზაზე სწორედ ამ ოლიმპიადამ მოახდინა სერიოზული გარდატეხა.
ნიკას მთავარი გატაცება სწორედ ასტრონომიაა. ის უკვე საქართველოს ასტრონომიის კლუბის ერთ-ერთი ხელმძღვანელია და ამბობს, რომ ეს საქმე ცხოვრების ბოლომდე მის უდიდეს პასუხისმგებლობად დარჩება. ჯერ საკუთარ მომავალს მკაფიოდ ვერ ხედავს, თუმცა ის უკვე ზუსტად იცის, რის გაკეთება არ სურს.
„ჩემს სამშობლოში საგანმანათლებლო პროექტების განსავითარებლად აუცილებლად ბევრს ვიზრუნებ. უდიდესმა ცნობისმოყვარეობამ და იმ ადამიანების აღფრთოვანებამ, ვისაც ვუყვებოდი ჩემი მთავარი გატაცების – ასტროფიზიკის საიდუმლოებებს, მიმახვედრა, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდ ბედნიერებას სხვების დახმარება მანიჭებს, ხოლო დახმარების საუკეთესო ფორმად მათთვის რაღაცის სწავლებას მივიჩნევ.“
19 წლის ნიკამ უკვე გაითავისა, რომ მისი გარკვეული წარუმატებლობების მთავარი მიზეზი სიზარმაცეა, რასაც ბავშვობიდან ებრძვის და, დიდი მოტივაციის მიუხედავად, დღემდე ვერ დაძლია. სწორედ ამ სიზარმაცის გამო ვერ მოხვდა ის სტენფორდის უნივერსიტეტის ბაკალავრზე, მაგრამ პირობას დებს, რომ მაგისტრატურას მაინც იქ გაივლის.
„არ ვთვლი, რომ სტენფორდში ვერ მოხვედრა ვინმესთვის მარცხია, მაგრამ თუ მთხოვენ, დავასახელო ის, რამაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამიტეხა გული, სწორედ ეს არის. ზოგადად, ძალიან მარტივად ვუყურებ ყველაფერს. მიუხედავად ამისა, ეს ამბავი საკმაოდ ცუდად მივიღე. ამიტომ ეს მარცხი ჯერ დაძლეული არაა.“
სანამ ამ მარცხს მოერევა, ჯერ სიზარმაცის დაძლევაზე მუშაობს. ყველაზე დიდ სიამოვნებას კი ნიკოლოზ ცქიტიშვილს სოციალური აქტივობა ანიჭებს, უყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია, საუბარი, საკუთარი აზრების გაზიარებაც და სხვისი მოსმენაც. ბევრს მუშაობს საკუთარი თავის სრულყოფაზე და შედეგებითაც ამაყობს:
„ბავშვობიდან ძალიან მიჭირდა კომუნიკაცია სოციუმთან. ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ დროთა განმავლობაში ეს ჩემს ყველაზე ძლიერ მხარედ გავხადე. ძალიან მიყვარს ლაპარაკი, მსჯელობა, რისგანაც ძალიან დიდ ენერგიასა და მოტივაციას ვიღებ. მიყვარს სხვისი პრობლემების მოსმენა, რჩევების მიცემა. ადამიანებს ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება წყალივით გვჭირდება. სწორედ ეს არის ის, რასაც მეცნიერებაშიც ყველაზე მეტად ვაფასებ. დისკუსიის და შედეგების გაზიარების გარეშე მეცნიერება არ არსებობს.“
19 წლის ასაკში ნიკამ უკვე საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარებაც მოასწრო. 2017-2019 წლებში ის სოციალურად დაუცველ ბავშვებს ასწავლიდა მათემატიკას და ცხოვრებისეულ უნარებს. მარტივი არ იყო. ამბობს, რომ მის ადგილას კომპეტენტურ ფსიქოლოგსაც კი გაუჭირდებოდა. თვლის, რომ იმ დროს დამარცხდა, რადგან იმ შედეგს ვერ მიაღწია, რასაც საჭიროდ თვლიდა, თუმცა თავად მიიღო კარგი გაკვეთილი, რაც მომავალში შეცდომების გამოსწორებაში დაეხმარება.
„ძალიან რთული იყო გაკვეთილის ჩატარება. ბავშვები ხშირად ჩხუბობდნენ, დასცინოდნენ ერთმანეთს, ზოგს ეზიზღებოდა კიდეც ერთმანეთი. მეგონა, რომ ამ სიტუაციის გამოსწორება შემეძლო და მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვარ, მცირედით მაინც შევცვალე მათი ცხოვრება უკეთესობისკენ, მაინც სასურველთან მიახლოებულ შედეგსაც ვერ მივაღწიე. რაც მთავარია, თავად დიდი გამოცდილება მივიღე და აუცილებლად ვაპირებ, მსგავსი პროექტების მომავალში განხორციელებას“, – ამბობს ნიკოლოზ ცქიტიშვილი.
პატარა ასაკში უკვე დიდი გამოწვევების მიუხედავად, მაინც არ თვლის თავს წარმატებულად. საკუთარი თავის მიმართ ნიკას უფრო დიდი მოთხოვნები აქვს და ამბობს, რომ თავს შემდგარად მანამ არ ჩათვლის, ვიდრე ოცნებებს არ აისრულებს. მისი მთავარი ოცნება კი არის, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დაეხმაროს და საკუთარი ცოდნა გაუზიაროს.
„შესაძლოა, ჩემგან ცოტა კომიკურია ამის მოსმენა, მაგრამ ჩემი მთავარი რჩევაა, არ იზარმაცოთ. ცხოვრება აგებულია ძალიან ბევრ შემთხვევითობაზე. ყველაზე ქაოსური სისტემაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შემთხვევითობები ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენოთ. შეიძლება შთაგონება ისეთ ადგილას მიიღოთ, ან ისეთი ადამიანისგან, რომ ვერც კი წარმოიდგენდით. ნუ დაიზარებთ ახლის ცდას. იპოვეთ თქვენი თავი. ეს ძალიან რთულია და ძალიან დიდ შრომას ითხოვს, მაგრამ აუცილებელია, კარგად ვიცნობდეთ ჩვენს თავს და სწორად შევარჩიოთ ის მიზანი, რისთვისაც ცხოვრებას დავთმობთ.“