საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს უმასპინძლა და თანამდებობაზე დანიშვნა პირადად მიულოცა.
შეხვედრის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში განათლების ყველა საფეხურზე მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს ბოლო წლებში განხორციელებული მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები გააცნო.
მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და იმ ერთობლივი პროექტებისთვის, რომლებსაც სამინისტრო ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან პარტნიორობით უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით უკვე მრავალი წელია წარმატებით ახორციელებს.
საუბრისას მხარეებმა საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებზეც იმსჯელეს.
თავის მხრივ, ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა მეცნიერებისა და განათლების განვითარების ხელშეწყობის კუთხით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მესამე მდივანი სეიედ მოჯთაბა მუსავი და მრჩეველი კულტურის საკითხებში, აჰმად ალი მეჰრი არდესტანი.