მინისტრის საათის ფორმატში პარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლებში მოსწავლეთა კვების საკითხზე ისაუბრა. მინისტრმა ამ მიმართულებით სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ პარტნიორობის ფარგლებში სამუშაო პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ბავშვთა ფონდის ჩართულობით მუშაობა დაიწყო უწყებათაშორისმა ჯგუფმა, რომელიც სასკოლო კვებასთან დაკავშირებით კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგენს.
შესწავლილ იქნა ადგილობრივი შესაძლებლობები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და მიმდინარეობს სასკოლო კვების კონცეფციაზე აქტიური მუშაობა. განიხილება კვების მიწოდების სხვადასხვა მოდელი სურსათის უვნებლობის ექსპერტების და სხვა პროფესიონალების ჩართულობით ქვეყნის მასშტაბით რეგიონებისა და რაიონების სპეციფიკის გათვალისწინებით. აღნიშნულ პროცესში პარლამენტის დარგობრივი კომიტეტებიც აქტიურად ჩაერთვებიან“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის მიზნით, მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.
დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა, საქართველოს სკოლებში მოსწავლეთა სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის ხელშეწყობის კუთხით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.