საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის წევრებს უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით შეთავაზებული სიახლეების, მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მიხეილ ჩხენკელმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ეროვნული გამოცდების რეფორმის მნიშვნელობაზე. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს საშუალება მიეცათ, სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აერჩიათ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს უზრდის ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და ეხმარება საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო, მეორე მხრივ, სკოლის მოსწავლეებში ზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ.
„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარებისა და უმაღლესი განათლების ერთიან ევროპულ სისტემასთან ჰარმონიზაციის მიზნით, შემუშავდა და ამოქმედდა კლასტერული აკრედიტაცია, რომლის ფარგლებშიც ყოველწლიურად წინასწარ განსაზღვრულ დარგებში შეფასდება მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები. ამჟამად, მიმდინარეობს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგის საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია. მომავალ წელს კი დაგეგმილია ხელოვნების სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია. 2028 წლამდე უმაღლესი განათლების ყველა სფერო ეტაპობრივად გაივლის კლასტერულ აკრედიტაციას.
კლასტერულ აკრედიტაციაზე გადასვლის მიზნით, 2022 წლის განმავლობაში შეიცვალა აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები და ჩატარდა 9 საგანმანათლებლო პროგრამის საპილოტე შეფასება. კლასტერული აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები სრულ შესაბამისობაშია უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015). ასევე, განხორციელდა ჰუმანიტარული სფეროს აკრედიტაციის ექსპერტთა კორპუსის ატესტაცია, ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მოძიების მიზნით, გამოცხადდა ახალი კონკურსები, შემუშავდა ჰუმანიტარული სფეროს დარგობრივი მახასიათებლები,‘‘ – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც მინისტრმა განაცხადა, 2022 წელს პირველად, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ყველა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების პროცესში აკრედიტაციის ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ჩაერთნენ საერთაშორისო ექსპერტები. 2023 წლიდან კი იგეგმება ყველა საფეხურისა და სახის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა. მიხეილ ჩხენკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2022 წელს განხორციელებული ცვლილებებით, აკრედიტაცია სავალდებულო გახდა ყველა სახისა და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის. მისივე თქმით, წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს უცხოეთში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო შეფასება.
მიხეილ ჩხენკელმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაზე. როგორც მან განაცხადა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში განათლების მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დაიგეგმა სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისა და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების სრულყოფა და განვითარება. შესაბამისად, შემუშავდა სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო დოკუმენტი, რომლის დამტკიცებაც იგეგმება 2023 წლისთვის.
უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო საქართველოში ENQA-ს წევრების ყოველწლიური საერთაშორისო ფორუმის ჩატარების, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის განახლებისა და უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე მუშაობის საკითხები.
მიხეილ ჩხენკელი: „2022 წელს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეირჩა და მიენიჭა პრიორიტეტი სხვა ბევრ ქვეყანას შორის, რომ 2023 წელს უმასპინძლოს ENQA-ს წევრების ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 32 ქვეყნის წარმომადგენლები. ყოველწლიურ საერთაშორისო ფორუმზე განხილული იქნება ევროპული სივრცის უმაღლესი განათლების პოლიტიკის, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები და ტენდენციები.
სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) განახლებული სტანდარტების შესაბამისად, განახლდა დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს კლინიკური სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი - საქართველო I2Q“-ის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს მუშაობას უმაღლესი განათლების დაფინანსების ახალ მოდელზე. ამ პროექტის პირველ ეტაპზე საკონსულტაციო მომსახურების 40-წლიანი გამოცდილების მქონე ბელგიურმა კომპანია IBF-მა წარმოადგინა ზოგადი ხედვა უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმის შესახებ და გამოკვეთა შედეგზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის დანერგვის უპირატესობები. მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების კონკრეტული მოდელის განსაზღვრისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფორმაციის მართვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნის მიმართულებით. ამასთან, პროექტის უმაღლესი განათლების კომპონენტი ითვალისწინებს კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) შექმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. CIF-ის ფარგლებში ჯამურად დაფინანსდება დაახლოებით 40 საგრანტო პროექტი. 2022 წლის ბოლოს კი, გამოცხადდება პირველი საგრანტო კონკურსი‘‘.
მინისტრმა დეპუტატებს სტუდენტთა მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები გააცნო. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, 2022 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის სხვადასხვა პროგრამით დაფინანსება გამოეყო საქართველოს 95 მოქალაქეს საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლების კურსზე დასწრების მიზნით. მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტმა 3 900 000 ლარი შეადგინა. მნიშვნელოვანია, რომ საზღვარგარეთ, ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციების მთავრობათა სრული დაფინანსებით, სწავლას აგრძელებს საქართველოს 54 მოქალაქე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე.
მინისტრმა სწავლის დაფინანსების პროგრამებზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლესი განათლების სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს სთავაზობს.
მიხეილ ჩხენკელი: „სამინისტრო აგრძელებს სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო და სასწავლო სამაგისტრო გრანტით სტუდენტთა დაფინანსებას. 2022 წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქმედ 13 კატეგორიას დაემატა კიდევ ერთი – „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.
სამინისტროში ასევე გრძელდება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა, რომლის ბიუჯეტი შეადგენს 5 000 000 ლარს‘‘.
სიტყვით გამოსვლაში მიხეილ ჩხენკელმა იუსტიციის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის ინოვაციური საგანმანათლებლო პროექტის ციფრული უნივერსიტეტის ამოქმედებაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სისტემაში დანერგილი ციფრული სწავლების პლატფორმის მეშვეობით მსჯავრდებულ სტუდენტებს საქართველოს უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ასევე, მაგისტრატურის საფეხურზე დისტანციურად სწავლის შესაძლებლობა მიეცათ.
მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს 2022 წელს სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ევროპის ინოვაციების აკადემიის მიერ განხორციელებული ახალი პროგრამის – „ინოვაციისა და მეწარმეობის ლიდერობის ბანაკი/ბუტკემპი‘‘ შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, ბუტკემპში, სადაც თავი მოიყარა 100-მა სტუდენტმა საქართველოდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან, სასწავლო პროგრამას წარმართავდნენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის – სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციის ხელმძღვანელები. აღსანიშნავია, რომ ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) წარმოადგენს მსოფლიოს უმსხვილეს სამეწარმეო პროგრამას უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. პროექტის განხორციელება დააჩქარებს საქართველოში ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებასა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირებას, რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის მეწარმეთა ჩამოყალიბებას.
მიხეილ ჩხენკელმა ასევე ისაუბრა ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შესახებ, რომელიც წელს იწყება და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ბიბლიოთეკის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიბლიოთეკა სტუდენტებს სწავლისათვის კომფორტულ პირობებს შეუქმნის. ახალ შენობაში განთავსდება ახალგაზრდული ცენტრი, რომელიც, სტუდენტების მონაწილეობით სხვადასხვა საგანმანათლებლო შინაარსის ღონისძიების ჩატარებით, სტუდენტურ ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად მრავალფეროვანს გახდის.
მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით მიღწეულ შედეგებზე. როგორც მიხეილ ჩხენკელმა აღნიშნა, ამ მიმართულებით უმნიშვნელოვანესია ამერიკელ პარტნიორებთან არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება. სწორედ ამ მიზნით, მიმდინარე წლის სექტემბერში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორესთან ერთად, მინისტრმა ხელი მოაწერა პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას საქართველოში უმაღლესი განათლებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით. კერძოდ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითანამშრომლებენ საქართველოში STEM საგნებზე ორიენტირებული ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით.
მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კულტურაში „მესამე მისიის“ კონცეფციის გააზრებასა და დანერგვას. მისი თქმით, სამინისტროს ჩართულობით ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა Erasmus+-ის პროექტი, რომლის შედეგად მოხდება სწავლებისა და კვლევის პარალელურად უნივერსიტეტების მესამე მისიის ინსტიტუციონალიზაცია.
„უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის სისტემისთვის ახალი გამოწვევაა „მესამე მისიის“ კონცეფციის გააზრება და დანერგვა საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კულტურაში. ,,მესამე მისიის“ ფარგლებში შრომის ბაზართან, ინდუსტრიასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა წაახალისებს კვლევისა და ინოვაციის კლასტერების შექმნასა და უნივერსიტეტ-ინდუსტრიის თანამშრომლობის განვითარებას. განათლების სამინისტროს მონაწილეობით ხორციელდება ევროკავშირის პროგრამა Erasmus+-ის პროექტი, რომლის შედეგად მოხდება სწავლებისა და კვლევის პარალელურად უნივერსიტეტების მესამე მისიის ინსტიტუციონალიზაცია, რაც გავლენას მოახდენს უნივერსიტეტების კულტურული, სოციალური და ეკონომიკური როლის გაზრდაზე.
უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, წარმატების ინდექსმა განაპირობა მთავრობის სურვილი, საქართველოს სრული წვდომა ჰქონდეს Erasmus+ პროგრამის ყველა სიკეთეზე და შესაბამისად, მოამზადოს ქვეყანა Erasmus+ პროგრამის ასოცირებისათვის. ამ მიზნით, 2018 წელს ევროკომისიასთან შეთანხმდა საქართველოს პროგრამის ასოცირებისათვის მოსამზადებელი ე.წ. Feasibility Study-ის პროექტი, რომლის განხორციელებაც დაიწყო 2022 წლიდან,‘‘ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროში მოქმედი პროგრამის „ვისწავლოთ საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის – ფინანსური მხარდაჭერა უმაღლესი საბაკალავრო STEM პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის (ABET აკრედიტაციის და ACS სერტიფიცირების სტანდარტების შესაბამისად) მოპოვებისა და შემდგომი განვითარების ხელშესაწყობად.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, უნივერსიტეტების მხარდასაჭერად სამინისტრო არაერთ პროექტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის მიზნით.
როგორც მინისტრმა პარლამენტში განაცხადა, გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი და რომის სასულიერო მუსიკის პონტიფიკალური ინსტიტუტი მიმდინარე წლიდან ახორციელებენ ერთობლივ სპეციალიზებულ სასწავლო კურსებს, სემინარებს, მასტერკლასებს, კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით პროექტებს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაიგეგმება აკადემიური პერსონალის მობილობა მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში.