საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას ეწვია, სადაც ყოველწლიური საშობაო ფესტივალის – „გენეთლიას“ გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ უმასპინძლა.
მიხეილ ჩხენკელმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ფესტივალის ორგანიზატორებს – გორისა და ატენის ეპარქიასა და ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიას მოსწავლეთა შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მოზარდებში მნიშვნელოვანი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესების კუთხით სხვადასხვა არაფორმალური საგანმანათლებლო და შემოქმედებითი ღონისძიების ჩატარება აუცილებელია. მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება ყოველწლიური ფესტივალი „გენეთლია“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მოსწავლეებს მრავალფეროვან, სახალისო და საინტერესო აქტივობებს სთავაზობს.
მიხეილ ჩხენკელი და გრიგოლ ლილუაშვილი ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციას და კალიგრაფიის კონკურსს დაესწრნენ. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ მოსწავლეები და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ხელნაკეთი ნივთების გამოფენაც დაათვალიერეს და მოზარდების ნამუშევრებსა და შემოქმედებას პირადად გაეცნენ.
საშობაო ფესტივალს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გივი ჭიჭინაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.
ყოველწლიური ფესტივალის „გენეთლიას“ მიზანია საკონფერენციო გამოსვლების, კონკურსების, სპორტული აქტივობებისა და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენების ორგანიზებით მოზარდებში შემოქმედებითი უნარების გაუმჯობესება და მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულმა სასწავლებლებმა და გორისა და ატენის ეპარქიის საჯარო სკოლებმა. კერძოდ – ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიამ, თბილისის წმ. ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებლურმა ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლამ, ზუგდიდის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზიამ, ხაშურის წმ. დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსიონმა, ქარელის წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიამ, სალხინოს წმ. ამბროსი ხელაიას სახელობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლამ, ბოლნისის წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლამ, ნიქოზის წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სკოლამ, სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის გორის მე-9 საჯარო სკოლამ, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ბაგა-ბაღმა (გორისა და ატენის ეპარქია) და ფერიცვალების სამრევლოს საკვირაო სკოლამ (გორისა და ატენის ეპარქია).