საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან, სებასტიან მოლინეუსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა სებასტიან მოლინეუსს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისა და საქართველოს განათლების სისტემაში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის.
საუბრისას მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ორი პროექტი – „საქართველოს ადამიანური კაპიტალი“ და „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“. გიორგი ამილახვარის თქმით, აღნიშნული პროექტები უმნიშვნელოვანესია განათლების ყველა საფეხურზე ხარისხის გაუმჯობესებისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების და გაძლიერების კუთხით.
მინისტრმა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის გაღრმავების სრული მზაობა გამოთქვა და განაცხადა, რომ პირადად იქნება ჩართული ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესში.