საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, კემლინ ფურლის უმასპინძლა და მასთან არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კემლინ ფურლის მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
თავის მხრივ, UNHCR-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კმაყოფილება გამოთქვა სამინისტროსთან არსებული პარტნიორობით და დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინელი ბავშვების მხარდასაჭერად გატარებული ღონისძიებები.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ლტოლვილისა და თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და გეგმებზე იმსჯელეს.
კემლინ ფურლიმ საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისა და სამინისტროსთან თანამშრომლობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.