საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით კომუნიკაციების კომისიამ და მედია აკადემიამ IX, X და XI კლასის მოსწავლეებისთვის კონკურსი – „ნამდვილი თუ მოგონილი?!‘‘ გამოაცხადა. კონკურსის მიზანს წარმოადგენს მოზარდებში ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების, მედიაწიგნიერებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება.
მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა 10 აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით აქვთ.
კონკურსის წესების თანახმად, მონაწილეებმა მედიასივრცეში, მათ შორის ინტერნეტში, ტელევიზიასა და ბეჭდურ მედიაში გავრცელებული ის ყალბი ინფორმაცია (Fake News) უნდა აღმოაჩინონ, რომელიც ჯერ დადასტურებული არ ყოფილა. ამასთან, კონკურსანტებმა ამბის აღმოჩენის გზა უნდა წარმოადგინონ, გადაამოწმონ წყარო და პარალელურად დაადგინონ რეალური ფაქტები.
მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ თავად შეარჩიონ დავალების წარდგენის ფორმატი – ვიდეო, მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიული ფორმა.
გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, საჩუქრად ულტრათანამედროვე პრიზები – I ადგილის მფლობელს iPhone 14 Pro, II ადგილზე გასულს HP-ს ლეპტოპი, ხოლო III ადგილის მფლობელს iPad 10.2 გადაეცემათ.
კონკურსის წესებისა და დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ფეისბუქ გვერდსა და კომისიის და მედიაწიგნიერების ვებგვერდზე.
კონკურსანტებმა 31 მაისის ჩათვლით საკონკურსო ნაშრომი შემდეგი ბმულის გამოყენებით უნდა გამოაგზავნონ: https://tinyurl.com/namdvilitumogonili.