საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გელა გელაძემ, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარე უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის - „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ფარგლებში გამართულ დასაქმების ფორუმში მიიღო მონაწილეობა. მინისტრის მოადგილემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განათლების სფეროში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გელა გელაძემ ტექნოლოგიური მიღწევების უპრეცედენტო მასშტაბებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს ახალგაზრდებისთვისა და ზრდასრულებისთვის ყველა იმ შესაძლებლობის შექმნა, რაც თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, განათლების სფეროში საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებისა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის გამორჩეული ადგილი უკავია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), რომელთანაც სამინისტროს მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ბავშვებში, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებში მნიშვნელოვანი უნარების განვითარებასა და გამომუშავებას, რაც ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
პროექტი - „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის” ტექნოლოგიებში ქალთა როლის ხელშეწყობას ითვალისწინებს და USAID-ის დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის პროგრამის ფარგლებში, მას ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ახორციელებს. პროექტით გათვალისწინებულია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, მათი ტექნოლოგიებში ჩართულობის უზრუნველყოფა და გადამზადების შემდგომი დასაქმების პროცესში მხარდაჭერა, აგრეთვე, სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სოციალური ინკლუზიის მხარდაჭერა.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო პროექტის ფარგლებში სრული დაფინანსებით გადამზადებულმა 300-ზე მეტმა ბენეფიციარმა, რომელთაც ფორუმში მონაწილე ადგილობრივმა, საერთაშორისო, ტექნოლოგიურმა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა 100-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში შერჩეული ბენეფიციარების გადამზადება სამ ნაკადად სრული დაფინანსებით განხორციელდება და და მასში მონაწილეობას ჯამში 1500 კანდიდატი მიიღებს.