საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სამუშაო შეხვედრა გამართა გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის სამსახურის ხელმძღვანელთან ლიდია კრისტმანთან, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და PEM consult-ის წარმომადგენლებთან.
მხარეებმა განიხილეს სამინისტროსა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) პარტნიორობის ფარგლებში თბილისის ლოგისტიკისა და მშენებლობის მიმართულებით ექსელენს ცენტრის პროექტის მიმდინარეობა. მინისტრს საკონსულტაციო კომპანიის PEM consult-ის მიერ წარედგინა ექსელენს ცენტრის ბიზნეს მოდელი. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ცენტრის განვითარების ძირითადი მიმართულებები - პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა დანერგვაც განხორციელდება ექსელენს ცენტრში, ასევე ცენტრისათვის პროფესიული განათლების მასწავლებელთა შერჩევის საკითხი, ცენტრის მშენებლობის დეტალები და პროექტის განხორციელების ფინანსური ნაწილი.