საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პირველ მოადგილე ალექსანდრე წულაძესთან ერთად, იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
საუბრისას გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა ენრიკო ვალვოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განათლების სფეროში განხორციელებული ერთობლივი პროექტებისთვის. მინისტრმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, ენრიკო ვალვომ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს სამაგალითო პარტნიორობისთვის და სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის. ელჩმა განსაკუთრებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ.
შეხვედრაზე მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ განათლების მიმართულებით ქვეყნებს შორის არსებული მრავალწლიანი პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.