საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან მარკ კლეიტონთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები, უმაღლესი განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა მარკ კლეიტონს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ბოლო წლებში დიდი ბრიტანეთის მთავრობის ხელშეწყობით არაერთი მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტი განხორციელდა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ტრანსნაციონალური განათლების კვლევას საქართველოში, რომელიც ბრიტანეთის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება. კვლევა მიზნად ისახავს ბრიტანულ-ქართული თანამშრომლობის განვითარებას უმაღლესი განათლების სექტორში.
ასევე, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს განათლების მსოფლიო ფორუმის დეტალები, რომელიც მიმდინარე წლის მაისის თვეში ლონდონში გაიმართება.
თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის ელჩმა გიორგი ამილახვარს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ დაუდასტურა ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მზაობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა დიდი ბრიტანეთის საბჭოს სამხრეთ კავკასიის მისიის ხელმძღვანელი ზაზა ფურცელაძე.